როცა არდადეგებზე სოფელში ჩავდივარ, ბებიაჩემი ამაყად გამოაცხადებს ხოლმე,რომ ახლა უკვე განათლების მიღებით ვარ დაკავებული და ორ წელში უკვე დამთავრებულიც მექნება. სამწუხაროდ, იგი ძალიან ცდება. განათლებას მანამდეც აქტიურად ვიღებდი, თამაშის საშუალებით, ოჯახიდან, მეზობლებთან ურთიერთობით და მომავალშიც გავაგრძელებ, ფორმალური გარემოს გარეშეც, რადგან განათლება არ არის მხოლოდ ფორმალური, სტრუქტურირებული პროცესი. უნარ-ჩვევებს, ცოდნას დაბადებიდან სიკვდილამდე ვიღებთ, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში განათლება წარმოგვიდგენია, როგორც მკაცრად გაწერილი სქემა ,რომელიც უნდა აღსრულდეს, მერხების, დაფისა და მასწავლებლის საშუალებით, დროის მონაკვეთში და სწორედ ამას ვანიჭებთ დიდ უპირატესობას, სხვა დანაჩენი ნაკლებად საყურადღებოა ან უგულველყოფილი. ამიტომ კითხვაზე თუ როდის ვამთავრებსწავლა-განათლებას იგივეა თუ როდის აპირებ გარდაცვალებას.
სკოლის მთავარი დანიშნულება მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარებაა. მასწავლებელს მხოლოდ 45 წუთი აქვს, იმისთვის რომ გაკვეთილის თემა უმეტესისთვის გასაგები იყოს. გამოდის რომ დროის უმეტესი ნაწილი მოსწავლის აკადემიურ განვითარებას ეთმობა. ვფიქრობ, პრობლემა ისაა რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება თითქმის არ ხდება,ვგულისხმობ საბაზო და საშუალო საფეხურებს ,როდესაც მოსწავლეები თანდათანობით, მკვეთრად იცვლებიან დამნიშვნელოვანი ხდება მეგობრული ატმოსფეროს შექმნა განათლებისთვის, სადაც მოსწავლე არის შემსწავლელი და არა დაქვემდებარებული ,ხოლო მასწავლებელი როგორც დამხმარე და არა ხელმძღვანელი.
ხშირად, მოსწავლეების ნაწილისთვის სამასწავლებლო ოთახი წარმოადგენს ,,უცხოპლანეტელების სამყოფელს’’,სადაც შესვლა ნიშნავს, რომ დიდი დანაშაული ჩაიდინე, სადაც ფეხაკრეფით უნდა გაიარო, მისმოშორებით კი მეტად თავისუფალი ხარ.ასეთ არამეგობრულ გარემოს არაფორმალური განათლების არარსებობა ან ნაკლებობა ქმნის.
მგონია რომ,როდესაც მოსწავლე არაფორმალური განათლების აქტივობებშია ჩართული, სადაც მასწავლებელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მათ შორის ჩამოყალიბდება ურთიერთობა,რაც ასევე ხელს შეუწყობს აკადემიურ წინსვლას.
მაგალითად,რა შეიძლება გაკეთდეს სკოლებში, არაფორმალური განათლების ფარგლებში რაც ასევე დაეხმარება მოსწავლეს სწავლის გაგრძელებაში და ზოგადად თვითრეალიზებაში? ტრენინგ-სემინარები ტოლერანტობის,კონფლიკტების მართვაზე,კარიერულ წინსვლაზე… ინტელექტუალური თამაშები სკოლებს შორის,სხვადასხვა მოხალისეობრივი სამსახური,ბანაკები და სხვა.
მარი მჭედლიძე
სასკოლო კვლევების ცენტრი