17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.
თავის მხრივ, კვლევა საინტერესოა და ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდები, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვისაუბრო გამოქვეყნებული კვლევის ინტერპეტაციაზე, თავად ავტორებისა და მედია საშუალებების მხრიდან, რომელმაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა თანამშრომლების, მოძალადის იმიჯის დამკვიდრებას შეუწყო ხელი საზოგადოებაში. ( დასტურად გამოდგება სოც. ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც მასწავლებლის მიერ მოსწვლის ცემაა ასახული, აღნიშნული ვიდეო რამდენიმე წამყვანმა ტელევიზიამ გაავრცელა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ 5 წლის წინანდელი იყო)( imedinews, 20 .10.2017)
ზოგადად მასწავლებელთა უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, რაც პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს ჩვენს რეალობაში, შესასწავლად საინტერესო ფენომენია.
მოცემული სტატიის მიზანი ზემოთ ნახსენები კონკრეტული შემთხვევის ანალიზი და უკეთ წარმოჩენაა.
იმისთვის, რომ გავერკვეთ რასთან გვაქვს საქმე, საჭიროა სურათს ფართო კონტექსტში შევხედოთ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს სახალხო დამცველის სტრუქტურაში შემავალმა ერთ -ერთმა ცენტრმა მიიღო დიდი ოდენობით გრანტი “UNSEF- საქართველოს” ოფისისგან კვლევის ჩასატარებლად.
უკვე საინტერესო მომენტია, რომ კვლევა ჩატარდა არა იმიტომ, რომ საზოგადოება: მშობლები, მასწავლებელები, მოსწავლეები( უნდა აღინიშნოს, რომ ამავე კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი სკოლაში თავს ძალზედ უსაფრთხოდ გრძნობს, ასე რომ ეს საკითხი მათთვის არ არის პრობლემატური) მიიჩნევდნენ სკოლებში ძალადობის საკითხს პრობლემატურად, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ მოიპოვა დიდი ოდენობით გრანტი, რაც ამ ორგანიზაციის თანამშრომლების ფინანასურ დაინტერსებასაც გულისხმობდა.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი არის თავად კვლევის მიზნები, სადაც ვკითხულობთ:
“პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში განთავსებულ ბავშვთა და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების იმპლემენტაციის შემოწმება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საჭირო პრაქტიკული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავების გზით”
როგორც ხედვათ საგრანტო ვალდებულება რეკომენდაციების შემუშავებასაც გულისხმობდა, ანუ თუ კვლევით პრობლემა ვერ გამოვლინდებოდა რეკომენდაციების შემუშავებაც არ იქნებოდა შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, პროექტის წარმატებულად განხორციელება პრობლემების აუცილებლად არსებობას გულისხმობდა.
სკოლებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის საკითხის პრობლემატურად წარმოჩინების ტენდენცია ავტორების მხრიდან ადვილად შესამჩნევია ანგარიშში. უფრო კონკრეტულად, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ ვაპირებ, რომ ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თავად კვლევიდან არ ჩანს დასმული საკითხის განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემატურ საკითხებზე მეტად აქტუალურობა.
მსგავს პროექტებს გარდა იმისა რომ კონკრეტული ადამიანებისთვის ფინანსური სარგებელი მოაქვს, ასვე ახდენს ინსტიტუციების, ამ შემთხვევაში “საქართველოს სახალხო დამცველი”, “UNIFEF საქართველო “ არსებობის ლეგიტიმაციას, ანუ ეს კვლევა მათი არსებობის ლეგიტიმაციის ერთ -ერთი ინსტრუმენტია, რომლის განხორციელებასაც სოციუმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის- მასწავლებლების უარყოფითად წარმოჩინება მოჰყვა შედეგად.
ახლა მინდა შევეხო თავად კვლევას და დაწვრილებით გავაანალოზო ის, რაც გაამყარებს ზემოთ ნათქვამს, რომ კვლევა ტენდენციურადაა ინტერპრეტირებული ავტორების მიერ.
როგორც გრაფიკიდან ჩანს სკოლის თანამშრომელთა პროცენტული წილი, რომელთაც ძალადობად არ მიაჩნია გარკვეული ქმედებები საკმაოდ დაბალია, მაგალითად, მასწავლებელთა, მხოლოდ 6 % მიიჩნევს, რომ მოსწავლის გალანძღვა არ არის შეურაცხყოფა, ეს პროცენტები კვლევის ავტორების მიერ, მოხსნებულია როგორც “მნიშვნელოვანი რაოდენობა”. არ არის ნათქვამი, რომ მასწავლებელთა 94% პროცენტი მიიჩნევს ამ ქმედებას ძალადობად. ასევე მცდარია ვარაუდი, იმის რომ ყველა, ვინც არ მიიჩნევს ძალადობად რაიმე ქმედებას ის აუცილებლად ძალადობს მოსწავლეზე. ეს მონაცემები ასევე არ არის შედარებული სხვა ქვეყნების მსგავს მაჩვენებლებათან.
ეს მცირე მაგალითია იმის, თუ როგორ ტენდენციურად წარმოაჩენენ კვლევის ავტორები კვლევის მიგნებებს, სამწუხაროდ, მედია საშუალებების მხრიდანაც არ იქნა წაკითხული კვლევა კრიტიკულად და მოხდა მისი ზუსტად იმ მიმართულებით გაშუქება, რითაც ის ავტორებმა მიაწოდეს.
მუხრან გულიაშვილი
გამოყენებული რესურსები:
1.საქართველოს სახალხო დამცველი,,ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობებისგაძლიერების’’ 2014 http://www.ombudsman.ge/uploads/other/2/2312.pdf
2. https://imedinews.ge/ge/saqartvelo/32277/mostsavleze-dzaladobis-kadrebi-2012-tsels-gadagebuli-agmochnda